საქართველოს აეროპორტების გაერთიანება PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ში მონაწილეობს
15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოვიდ პანდემიის გამო, ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან.
საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერია.
,,PASSANGER TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. პრეზენტაცია იქნება ერთობლივი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. გაფართოების შემდეგ, ეს იქნება ჩვენი აეროპორტის პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.
PASSANGER TERMINAL EXPO მსოფლიოში უმსხვილესი, აეროპორტების ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ღონისძიება ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნონ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250 ზე მეტ ექსპოზიციას, რათა მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში უსაფრთხოება და მგზავრების გამოცდილება მაქსიმალურად გაიზარდოს.