აუდიტის სამსახურმა “ალტ-ინფო” 220 000 ლარით დააჯარიმა
აუდიტის სამსახურმა „კონსერვატიული მოძრაობა“ იგივე, „ალტ-ინფო“, 2022 წლის 3 ივნისს 220 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.
“კონსერვატიული მოძრაობის დეკლარაციებისა და მოწოდებული ინფორმაციების შესახებ აუდიტის სამსახურმა საქმის წარმოება 15 მარტიდან დაიწყო, 17 მაისს კი სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:
1. პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია აუდიტის სამსახურში არასწორად წარადგინა, კერძოდ, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუგზავნეს განცხადება იმის შესახებ, რომ დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა (შემოსავალი-ხარჯი) არ ჰქონიათ, თუმცა ოფისების დიდი ნაწილი სწორედ დეკემბერში გაიხსნა.
2. შემოწირულებების დამალვა – კერძოდ, არაფულადი შემოწირულების დამალვა. პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა. ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია.
საქალაქო სასამართლომ 3 ივნისს დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარჩელი და პარტიას დამალული თანხის სამმაგი ოდენობის გადახდა დაეკისრა – 217 482 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.