ფინანსთა სამინისტრო: შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება.

უწყების ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს  „ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უკვე რამდენიმე თვეა, სომხური ტრაილერებით არის გადატვირთული, თუმცა უცნობია რა პროდუქცია მიაქვთ რუსეთის მთავარ მოკავშირეს დასავლეთისგან სანქცირებულ ქვეყანაში და რა სახის შემოწმება უტარდება ტრანზიტულ ტვირთს საქართველოში. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი გამოყენებული იყოს სანქცირებული ტვირთების გადასატანად“.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართული ცილისწამება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის პროცედურებს და ტვირთების ზედამხედველობას.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გააჩნია უახლესი ინსპექტირების სისტემები, მათ შორის საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტები აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური რენტგენო-სკანერით, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ასევე ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და ამავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას. გარდა აღნიშნულისა, 24-საათიან რეჟიმში პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, ხდება სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების ფარგლებში, წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ხოლო საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გაძლიერების მიზნით, სგპ. „ყაზბეგში“ გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა და დამატებულია ბარგის დეტალური დათვალიერების რენტგენო-სკანერი.

განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში და პირიქით. ასევე, მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან სხვა სანქცირებული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები