ელისო ბოლქვაძე: რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ბათუმში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენციის – „ადრეული განათლება და ზრუნვა“ – სესიაზე, პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ადრეული განათლების სფეროში სახელოვნებო განათლების მნიშვნელობასა და სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. სკოლისთვის და შემდგომი ცხოვრებისათვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი პროცესია და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან სკოლამდელი განათლების განვითარების კუთხით უკვე განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. მისი თქმით, ბავშვის აღზრდის და განათლების სტანდარტის ერთ-ერთი მიმართულებაა – ხელოვნება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბავშვს გამოხატოს საკუთარი ფიქრები და ემოციები ხელოვნების დარგების საშუალებით.

„ხელოვნება ხელს უწყობს სააზროვნო, სოციალური უნარების განვითარებას, ჯანსაღი თვითშეფასების, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებულად საყურადღებო და მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ხელოვნებისადმი დამოკიდებულების სწორად განსაზღვრა, მიწოდება და სწავლება. დღევანდელ სკოლამდელი აღზრდის და განათლების სფეროში არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კოორდინირებულ მოქმედებას და რეაგირებას. კულტურის კომიტეტში შექმნის დღიდან საქმიანობის პრიორიტეტად გამოიკვეთა სახელოვნებო განათლების რეფორმაზე მუშაობა“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი ინფორმაციით, კულტურის კომიტეტს მიაჩნია, რომ სახელოვნებო განათლებაში მნიშვნელოვანია ახალი სისტემური ცვლილებების განხორციელება.

„სახელოვნებო განათლების მართვის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან სისტემურ ხედვას, პროგრამას და მუდმივი განვითარების ხელშეწყობის პრინციპებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სახელოვნებო განათლების მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის განურჩევლად ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა. ამ თვალსაზრისით მისასალმებელი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, კულტურის სამინისტროში დაწყებულია სახელოვნებო განათლების კანონზე მუშაობა, რომელიც სისტემურად მოაგვარებს და სამართლებრივად დაარეგულირებს სფეროში არსებულ გამოწვევებს და აღმოფხვრის ხარვეზებს. რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა. მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს ბავშვთა კრეატიული პოტენციალი და მოხდეს მათი ინტელექტუალური ზრდის ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია კონკურენტუნარიანი ხელოვანების მომზადება საერთაშორისო არტ სივრცეში წარმატებული ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, მიზნის მისაღწევად აუცილებელია სახელოვნებო სწავლის დაწყება ადრეული ასაკიდან, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„უნდა ჩამოყალიბდეს განათლების სხვადასხვა დონეზე სახელოვნებო განათლების მიღების უწყვეტი და მოქნილი სისტემა. უნდა შემუშავდეს საგანმანათლებლო პროგრამების დიფერენცირებული დონეები, რომლებიც ორიენტირებული იქნება თითოეული ბავშვის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებულ და სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მყოფი აღსაზრდელებისთვის კი აუცილებელია, რომ დაინერგოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით სწავლება. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო და მატერილაურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმეტესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ადრეული განათლების დაწესებულებებში ატარებს, სკოლამდელი განათლების სეგმენტის განვითარებამ მეტი დატვირთვა მოითხოვა. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს ადრეული ასაკის ბავშვთა ერთიანი ნაციონალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც სრულიად ახლებურად განსაზღვრეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები