მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება.
უწყების ცნობით, პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.
იუსტიციის მინისტრმა წარმატება უსურვა მომავალ სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ციფრული უნივერსიტეტის პროექტში აქტიური ჩართულობისათვის:
“დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტ ციფრული უნივერსიტეტის მნიშვნელობას და იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა პირებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
რატი ბრეგაძემ მიხეილ ჩხენკელს N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ფეხბურთის მოედანი და სილამაზის სალონი დაათვალიერებინა.
ციფრული უნივერსიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და უწყების განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.
პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.