ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ამოცანა არ არის საქართველო მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსს, აქცენტი ფარისევლობაზე აქვთ გადატანილი
ოპოზიციის ამოცანა არ არის საქართველო მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსს, მათი მიზანია, რომ შესაძლო ვერ მიღება გამოიყენონ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მთელი აქცენტი გადატანილი აქვს ფარისევლობაზე.
„ბუნებრივია, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ამ შემოთავაზებას უნდა გამოხმაურებულიყო და გამოვეხმაურეთ. ობიექტური შეფასებებით, საქართველო „ასოცირებულ ტრიოში“ ყველაზე წინ არის, რეფორმების კუთხით და ევროკავშირთან თავსებადობით. ევროკავშირის კომისია გააკეთებს შესაბამის დასკვნას, მაგრამ უფრო მეტად გადაწყვეტილება მისაღები ექნება პოლიტიკურ ჭრილში.
ოპოზიციის ამოცანა არ არის საქართველო მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსს, მათი მიზანია, რომ შესაძლო ვერ მიღება გამოიყენონ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად. სხვა მეთოდი მათ ხელისუფლების შეცვლისა არ გააჩნიათ, არანაირი ელექტორალური, პოლიტიკური თუ საგნობრივი შესაძლებლობა, რომ არსებული ხელისუფლება შეცვალონ. მთელი აქცენტი აქვთ გადატანილი ფარისევლობაზე, ეს არის ნიანგის ცრემლები, ჰგონიათ, რომ ბოლო შანსი აქვთ 2024 წლამდე ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ატრიალების.
შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება პოლიტიკური კუთხით ნონსენსია. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა გარკვეული რეფორმები რეალობად ვაქციოთ ამის ყველანაირი შანსი არსებობს გაუქმებული დოკუმენტის რეანიმაციის გარეშე. მაგალითად, საარჩევნო ბარიერის საკითხი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, რომ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, რაც მათ შორის გულისხმობს რევოლუციური სცენარების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.