პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში ბავშვის უფლებების კუთხით მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს
საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა. ღონისძიებას მოდერაციას პარლამენტის წევრი ხათუნა კვიციანი უწევდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამსწრეებს სიტყვით შალვა პაპუაშვილმა მიმართა და ბავშვებს 1-ლი ივნისი მიულოცა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ბავშვის უფლებათა დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
„საამაყოა, რომ საქართველო ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა, რაც თვალსაჩინოა უმთავრესად ეროვნული კანონმდებლობის უმაღლეს სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მხრივ. ამ კუთხით, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები – კერძოდ, მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღების შემდგომ, ერთობლივი ძალისხმევით, განსაკუთრებით დაჩქარდა ბავშვის ძირითადი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და გარანტიების პრაქტიკაში უზრუნველყოფა. ამ საქმის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება ჩვენთვის რთული იქნებოდა, თუ არა ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მუშაობა, მისი დაფუძნება, შექმნა და აქტივობები. ამიტომ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საბჭოს თითოეულ წევრს მათი ინტერესისა და საქმიანობისთვის. ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ერთად შევძლებთ ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობას, ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას და ბავშვის ჯანმრთელი განვითარების უზრუნველყოფას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საზოგადოებას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმა, გამოწვევები და პრიორიტეტები გააცნო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით სერგეენკომ.
„სამოქმედო გეგმამ და საზედამხედველო ინსტრუმენტებმა უნდა მოიცვას ყველა ის მთავარი საკითხი, რაც გაწერილია ბავშვთა კოდექსში, თუმცა, როდესაც დასაწყისისთვის ვირჩევდით განსაკუთრებულ პრიორიტეტებს, იყო თემები, რომლებიც ყველა ქვეყნისათვის, ასე თუ ისე, გამოწვევაა, ეს არის ბავშვთა სიღარიბე, ბავშვებზე ძალადობა და დეინსტიტუციონალიზაცია – დიდი ზომის ბავშვთა სახლების სწორად და გეგმაზომიერად გარდაქმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ აღზრდაზე და განათლებაზე.
საერთაშორისო კონვენციაში გაწერილია, რომ ბავშვებს აქვთ არამარტო უფლება, არამედ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მთავარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ და მათი ხმა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო სამოქმედო გეგმების შემუშავებაში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, პირდაპირ არის დაკავშირებული ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების მიწოდებასთან.
„ჩვენი მიზანია, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო და, რა თქმა უნდა, ქართულ რეალობაზე მორგებული დახვეწილი მოდელის შექმნა, რასაც ბუნებრივია, ჯერ კიდევ ახლავს გარკვეული გამოწვევები. თუმცა, საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სრულ მზაობას გამოხატავს, მხარი დაუჭიროს და თავად დააინიციროს ამ მიმართულებით შესაბამისი ინიციატივები“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით უფროსების ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორც იუნესკოს მშვიდობის ელჩს, განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა, რომ მშვიდობა არის ჩვენი განუყოფელი ნაწილი და მისი არარსებობა გვართმევს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ჰარმონიულ, თავისუფალ ცხოვრებას და განვითარებას. მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო უკრაინელ ბავშვებს და ვუსურვო მათ მშვიდობიანი და თავისუფალი გარემო რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და გამოწვევებზე ისაუბრა.
„უმნიშვნელოვანესია ის სტანდარტები, რომელიც ამ კანონმა შემოიტანა კონვენციის კვალდაკვალ. მართლაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში ბავშვების ჩართულობა უნდა იყოს მოაზრებული როგორც აუცილებელი კომპონენტი“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
„როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვთა უფლებებზე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და იმ მრავალფეროვნებაზე, რომელიც, პირველ რიგში, არსებობს ბავშვებში საჭიროებებიდან გამომდინარე და ეს ძალიან სწორია, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, ჯვარედინი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ დგანან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, ღონისძიებაზე საუბარი შეეხო ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს, რომელზეც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ ისაუბრა. „World Vision საქართველოს“ ბავშვთა დაცვის, ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მგელიაშვილმა მიუსაფარ ბავშვთა უფლებებზე, გამოწვევებსა და მომსახურებებზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, სახალხო დამცველის და ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.