ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი – ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა გააგრძელებს ამბიციური დღის წესრიგის მხარდაჭერას

ჩვენი ხვალინდელი დღის წესრიგი ნამდვილად იქნება ამბიციური და ჩვენ ამ პროცესში ნამდვილად გვჭირდება ევროპარლამენტის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპარლამენტთან მჭიდროდ და კოორდინირებულად იმუშავებს.

„ევროპარლამენტის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პარლამენტის განზომილებას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ხვალინდელი, ევროპული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ჩემი მთავარი გზავნილი ევროპარლამენტარებთან იქნება ის, რომ საქართველო მყარად ადგას რეფორმების გზას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველომ ეს გზა გაიაროს დაჩქარებული ტემპით. ჩვენი ხვალინდელი დღის წესრიგი ნამდვილად იქნება ამბიციური და ჩვენ ამ პროცესში ნამდვილად გვჭირდება ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენ მათთან ერთად ძალიან მჭიდროდ და ძალიან კოორდინირებულად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენთვის ეს ცნობილია. შესაბამისად, ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, საქართველო, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის მხარდაჭერას, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს შესაბამის გზავნილს, შესაბამის ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან. ჩვენი განხორციელებული რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები