“საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი”,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
“2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული პროგრესის გაანალიზების საფუძველზე, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი.
ევროკავშირის საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი ორ ნაწილად − 11 აპრილს (პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები) და 19 აპრილს (სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი). კითხვარის გადმოცემამდე გაძლიერდა ევროინტეგრაციის შიდა საკოორდინაციო მექანიზმი, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მინისტრის მოადგილეებისა და უწყებებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დონეზე. კომისიის მუშაობის კოორდინაცია მიმდინარეობდა უმაღლეს დონეზე და მისი სხდომები კვირაში ერთხელ იმართებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველომ შევსებული კითხვარი ევროკომისიას ვადაზე ადრე გადასცა (პირველი ნაწილი − 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი − 10 მაისს)”,- ნათქვამია მოხსენებაში.