შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა კორეის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა კორეის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა კორეის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული – ,,საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის საკონსულტაციო პროექტის” პირველადი ანგარიში განიხილეს. ამასთან, კორეელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს თავად პროექტის დეტალები გააცნეს და კორეის საბაჟოს ელექტრონული სისტემის – UNI-PASS-ს შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია ოპტიმალური საბაჟო მოდელის შექმნისთვის სხვადასხვა ბენეფიციარი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული მდგომარეობის/ხარვეზების შეფასება, ასევე, ცვლილებების შესახებ კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
ამასთან, პროექტის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შემოსავლების სამსახურმა ისარგებლოს კორეის საბაჟო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ახალი ტექნიკური დახმარების პროექტით, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო სისტემების ძირითადი მოდულების განახლება/გაუმჯობესებას. მიმდინარე პროექტის საერთო ბიუჯეტია დაახლოებით 700 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულიად ფინანსდება კორეის მთავრობის მიერ, ხოლო პროექტის განმახორციელებლად შერჩეულ იქნა CUPIA – Customs Uni-Pass International Agency. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ კორეის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და CUPIA პროექტის ხელმძღვანელს იონგ ჯუ ჰვანგს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის პრეზენტაციისათვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საბაჟო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის პროცესში.