სალომე ზურაბიშვილი – პოლიციელებს: თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, მოქალაქეების უსაფრთხოება
“დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც ნდობას იწვევს მოქალაქეებში და ეს ყველაზე მთავარია”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
“მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მივესალმები შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, და მოგესალმებით თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრებო, რიგითებო!
პოლიციის დღეს ვულოცავ ყველას, რიგით ოფიცერს, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, პატრულის თანამშრომელს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა, ყველას პირადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი პროფესიის და თქვენი პროფესიონალიზმის დღე, რამეთუ ამ 31 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ ნამდვილად შეძლო გარდაქმნა. ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც ნდობას იწვევს მოქალაქეებში და ეს ყველაზე მთავარია.
თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა, და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევაა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები და ბოლოს კოვიდის პანდემია. ყველა გამოწვევების წინაშე, რაც გამოჩნდება შიგნით ქვეყანაში, თქვენ დგახართ პირველ რიგში. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი იმისი, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა შენარჩუნდეს. ეს არის სახელმწიფო. თუ ეს არა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას.
მადლობა იმისთვის, რომ ამ პროფესიას დაუღალავად შესწირეთ და სწირავთ ყველაფერს. ეს ქვეყნისთვის უდიდესი სამსახურია. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა, რის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო.
თქვენზე დგას ასევე უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება თუ სხვა გამოწვევები, ორგანიზებული დანაშაული, რაც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერაა გავრცელებული.
და მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხართ ის ერთ-ერთი ძლიერი ლოდი, რომელსაც ვაბიჯებთ, რომელიც გვაძლიერებს და გვაძლევს უფლებას, რომ მოვითხოვოთ ჩვენი ადგილი ევროპაში. თქვენი პროფესიონალიზმი უკვე არის აღიარებული ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან ამისი ერთ-ერთი მაგალითია. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და წარმოადგენენ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმს. მინდა ამისთვისაც დიდი მადლობა მოგახსენოთ.
მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე: მართალია, ზოგ-ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ.
ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი. მაგრამ ყველამ ისიც ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ საქართველოში ეს აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ მთავრობამ, პარლამენტმა, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილური, დემოკრატიული ქვეყანა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რასაც თქვენ ახერხებთ და რასაც კიდევ გააკეთებთ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.