ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” ესეების კონკურსის 10 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, I ადგილი ლიანა ედიშერაშვილმა დაიკავა (კასპის მუნიციპალიტეტის ხოვლის საჯარო სკოლა). II და III ადგილზე ნინი კეკელიძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა) და ნანა გოგბერაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა) გავიდნენ. კონკურსში IV-X ადგილები დაიკავეს: ანი ავალიანმა (ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა), მარიამ ცეცხლაძემ (ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა), სესილი ერაგიამ (შპს „ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა”), თამარ ხვთისიაშვილმა (გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა), მარიამ მასურაშვილმა (ქარელის N1 საჯარო სკოლა), რეზი ქობელაშვილმა (თბილისის N210 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (გორის N12 საჯარო სკოლა). გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემათა კომპლექტები და ფასიანი საჩუქრები.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა 20 მაისს გამართულ ფინალურ ტურში ონლაინრეჟიმში დაწერეს ესე თემაზე „პირველი რესპუბლიკის გამოცდილება – საქართველოს გზა ევროპისკენ”. პროექტში მონაწილე 109 მოსწავლიდან ფინალში 38 მონაწილეობდა. მათი ნაშრომები საკონკურსო კომისიამ შეაფასა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ამ დრომდე მასში 850-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მსოფლიო პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია პროექტი ესეების კონკურსის ფორმატით ტარდება. საქართველოს ეროვნული არქივი პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2022-1.