დავით შავლიაშვილმა და ოთარ დანელიამ იმერეთში მიმდინარე პროექტები მოინახულეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმერეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები მოინახულეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა მხარის რწმუნებულთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი განახორციელეს.
მატივე ინფორმაციით, რაიონში ამ ეტაპზე ზეგანი-საკრაულას 21 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტში ასევე ხორციელდება 4-მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდება. 8 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს. აღნიშნული გზის მონაკვეთები ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.
“ამ ეტაპზე სოფელ საკრაულაში 4,5 კმ-იანი მონაკვეთზე იგება ასფალტი. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ამ ადგილას არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 21 კმ. და მომავალ წლებში დაგეგმილია გზის სრულად რეაბილიტაცია”, – განაცხადა დავით შავლიაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მდებარე თხილის გადამამუშავებელი ქარხანაც მოინახულეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი საწარმოს მუშაობას პირადად გაეცნო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 250 ლარია. ქარხანა თხილის ექსპორტს ძირითადად გერმანიაში ახორციელებს.
“ასეთი ტიპის საწარმოები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ადგილზე დასაქმებულია 70 ადამიანი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისასალმებელია, რომ საწარმო გაფართოებას გეგმავს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სამინისტროების წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი სტიქიის შედეგად დაზარებული სოფელ ამაღლების მოსახლეობასაც შეხვდნენ. ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითებზე შეკითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელები მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების გადაჭრას დაჰპირდნენ.