შემოსავლების სამსახური – “რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული”

„მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“, – ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით, კონტროლის პროცესები ნაწილობრივ ფერხდება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაშია თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები