ივანე ჩხაიძე: აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევები საქართველოში არ დაფიქსირებულა

აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის 450 შემთხვევა არის სულ მთელს მსოფლიოში დაფიქსირებული.  ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ გამოვლენილა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, იმის საშიშროება, რომ ამის უკან რაიმე აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი იდგეს, ამ ეტაპზე, არ არის.

“1-ელ ოქტომბერს აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა არის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე. 450 შემთხვევა არის სულ მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა არის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. 450 შემთხვევიდან არის გარდაცვალების შემთხვევები და არის მძიმე მიმდინარეობაც, როდესაც საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი, ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა.

ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა. საუბარია, ოქტომბრიდან დღემდე განვითარებულ პერიოდზე. ამ ჰეპატიტის მართვას უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მედიკამენტი არ სჭირდება. ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები