უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს
ჯო ენის კლინიკიდან გაწერეს უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ავრცელებს.
კლინიკის მედპერსონალმა, უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად, პაციენტი ქართული და უკრაინული დროშებით გააცილა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის ოჯახი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, ბათუმში ომამდე ჩამოვიდა და, საბრძოლო მოქმედებების გამო, უკან დაბრუნება ვერ შეძლო.
“ოპერაცია, რომელიც მარტის თვეში კიევში ჰქონდათ დაგეგმილი, ომის გამო ვერ გაკეთდა და სამედიცინო მომსახურება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაეწიათ.
პაციენტი ჰოსპიტალში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოსტოპერაციულად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხარჯები მთლიანად ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გაიღო.