იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ ბავშვების ბუსტერ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა
იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ ბავშვებში ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
ჩხაიძის თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთება ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდებისთვის იქნება რეკომენდებული.
ამასთან, ჩხაიძის განმარტებით, ბავშვები აცრას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც მთავრობის მიერ შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 5 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 884 726 აცრა – მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 366 668 ადამიანი, 18 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის 47.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 264 519 ადამიანი, ზრდასრული მოსახლეობის 44.0%. ბუსტერ დოზით აცრილია 250 063 ადამიანი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 234 (2.39%) სრულად აცრილია – 3 361 (1.90%) 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 702 (15.66%) სრულად აცრილია- 11 227 (13.84%).