პროკურატურამ პარტნიორ უწყებებს და ორგანიზაციებს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების და საპროცესო კანონმდებლობაში ახალი აღკვეთის ღონისძიების დამატების ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა და მას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი ლომუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას და საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოღებას. შეხვედრის მონაწილეებმა პროკურატურის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.

პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება შეამცირებს პატიმრობის გამოყენებას ყველა კატეგორიის დანაშაულზე.
ამავდროულად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის აღსრულების ეფექტიან მექანიზმს, რაც ოჯახური დანაშაულის დაზარალებულებს შეუქმნის დაცვის მეტ გარანტიებს და შეამცირებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს.
პროექტის განხილვა, უახლოეს მომავალში, უფრო ფართო საზოგადოების ჩართულობით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები