საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით, 10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანა თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება.
2017 წლის 28 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით ბოლნისის რაიონული სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ მიმართა.
საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომშრალი მარიხუანის, არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანა სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
სასამართლოს განმარტებით, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია.
„არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.