როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს.
„უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის. დღეს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა. დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.