გია ვოლსკი – NDI-ის კვლევაზე: გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ, ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი რიცხვები მიახლოებული იმ რეალობასთან, რაც არჩევნების შემდეგ დადგა
NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით არ მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არც ჩვენ და არც საზოგადოებას, ვინაიდან ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი რიცხვები მიახლოებულიც კი იმ რეალობასთან, რაც არჩევნების შემდეგ დადგა. რასაკვირველია, გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევა.
მისი თქმით, კვლევებით დადგენილი პროცენტული მაჩვენებელი ზუსტად არ ასახავს საზოგადოების განწყობებს და ზოგიერთ შემთხვევაში ალოგიკურია.
“მსოფლიო და თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ამხელა რეიტინგი დაუწერა NDI-მ, ყველა ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკური სანქციების განხორციელების არანაირი რესურსი არ აქვს, ამ დროს NDI წერს საპირისპირო მონაცემებს. აქ აზრობრივი შეუსაბამობაც არის. საზოგადოების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის პროცესებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. როგორი ლოგიკიდან გამომდინარეობს NDI, როდესაც ამბობს, რომ 80% უკმაყოფილოა, თუ კმაყოფილია იმ მიმართულების, რაც ხელისუფლებას აქვს, როგორ შეიძლება, იგივე რაოდენობა უკმაყოფილო იყოს იმით, რაც რეალურად ასპარეზზე გვაქვს.
80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და თქვენ უცებ მიცხადებთ, რომ 80%-ს მიაჩნია, ამ მიმართულებით სწორად არ ვითარდება. საქართველო – ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის, მიმოსვლის მქონე, ყველანაირად დაფასებული ევროატლანტიკურ სტრუქტურაში და ამ დროს მეუბნებით, რომ 80%, რომელიც, ერთი მხრივ, მხარს უჭერს ამ პოლიტიკას, ამბობს, რომ რუსეთის გავლენაა პოლიტიკაში, ალოგიკურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ