მიხეილ სარჯველაძე: წარმოჩენილი მონაცემებით „ფრიდომ ჰაუსი” პრაქტიკულად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე

„წარმოჩენილი მონაცემებით „ფრიდომ ჰაუსი” პრაქტიკულად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე და ოფიციალურად აცხადებს, რომ თურმე, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ, უფრო უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები, ვიდრე ნატოს წევრ თურქეთში და მაგალითად, ყაზახეთში. აფხაზეთი ამ ქვეყნების რეიტინგში რამდენიმე ათეული საფეხურითაც კი უსწრებს”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე „ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა ანგარიშში ასახულ იმ საკითხებზე, რომელთა ნამდვილობა და ობიექტურობა, მისი განცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჭვირვალობის, ანალიზის წყაროების და დახურული შერჩევის პრინციპების გამო, რაც შეუძლებელს ხდის საკითხზე შემდგომი მსჯელობის პერსპექტიულობას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არის ანგარიშში ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია.

“„ფრიდომ ჰაუსი” თავის რეიტინგებში ნაწილობრივ თავისუფალი დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს უნგრეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს გვერდით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს. ამ მართლაც რომ დესპოტურ რეჟიმს, რომელსაც მოკლული ჰყავს ათასობით უდანაშაულო მოქალაქე და გაძევებული ჰყავს ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე მშობლიური მიწა-წყალიდან, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, და ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით არავისთვის ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რაც რეალურად უნდა წარმოადგენდეს “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშებისთვის ძირითად სამიზნეს”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისასალმებელია ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით, რაც ზემოთხსენებული საფრთხეების გათვალისწინებით მეტ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას გულისხმობს ძლიერი დემოკრატიის სახელმწიფოების მხრიდან. მისი განცხადებით, მნიშნელოვანია რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ საფრთხეებზე, რაც რეგიონში რუსეთის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უკავშირდება და ადგილი აქვს 2008 წლიდან- საქართველოში შეჭრიდან დაწყებული, უკრაინაში საომარი მოქმედებებით გაგრძელებული. მისივე თქმით, ანგარიშში იკვეთება გარდამავალ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ტენდენციებისა და უკანასკნელ წლებში რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვების აგრესიული ქმედებების ურთიერთკავშირი, რაც წარმოშობს რეგიონულ დონეზე გარდამავალ ქვეყნებში დესტაბილიზაციის და ანტიდემოკრატიული პროცესების პროვოცირების საფრთხეებს.

„აღნიშნულ საფრთხეებზე საქართველო წლებია, რაც არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პლატფორმაზე საუბრობს და მისასალმებელია, რომ დღეს, ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას ვადევნებთ თვალს”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისასალმებელია ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით, რაც ზემოთხსენებული საფრთხეების გათვალისწინებით მეტ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას გულისხმობს ძლიერი დემოკრატიის სახელმწიფოების მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები