დავით ნარმანია: რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე თუ რაიმე ფორმის დამატებითი სანქციები დაწესდება, ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება, ვინაიდან აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან დამატებითი მიღების წყაროები გვაქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ელექტროსადგურები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ იმისათვის, რომ ადგილობრივი მოთხოვნა უზრუნველყოფილი სრულად იქნეს.
„ახლა ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ფაზაში, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება, რადგან საკმაოდ წყალუხვი გაზაფხული იქნება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ელექტროსადგურები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ, რომ სრულად იქნეს უზრუნველყოფილი ადგილობრივი მოთხოვნა. მეტიც, ჩვენი ვარაუდით უახლოეს პერიოდში გვექნება საექსპორტო ელექტროენერგია, რომლის გატანაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს.
რაც შეეხება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს. ვინაიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩვენ მიღების წყაროები გვაქვს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ფორმის დამატებითი სანქციები დაწესდება იმპორტზე, ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. გვაქვს ალტერნატიული წყაროები თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რომ დისტანცირდეს რუსეთიდან. უბრალოდ, აქ ერთი ფაქტორია. როცა იაფი ენერგია არსებობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ამაზე და უფრო ძვირი ენერგია შემოვიტანოთ“, – განაცხადა ნარმანიამ.