ამსტერდამში ტურისტებისთვის კანაფის მიყიდვა შესაძლოა, აიკრძალოს

ამსტერდამის ხელისუფლებას სურს, უცხოელი ტურისტებისთვის კანაფის გაყიდვა, ასევე, მათ მიერ მოხმარება აკრძალოს.

ამის შესახებ Dutch News-ი ქალაქის მერის, ფემკე ჰალსემის წერილზე დაყრდნობით წერს, რომელმაც შესაბამისი ინიციატივით საკრებულოს მიმართა.

„ქალაქის ბევრ მთავარ პრობლემას კანაფის ბაზარი აძლიერებს, დაწყებული ნარკოტურიზმით გამოწვეული პრობლემებით, სერიოზული დანაშაულებებითა და ძალადობით დამთავრებული. ტურისტებზე გაყიდვების აკრძალვა, აუცილებელი ჩარევაა და დარეგულირებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია“, – ნათქვამია წერილში.

ამრიგად, ამ ინიციატივით, მარიხუანას გაყიდვა მხოლოდ ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული.

„მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობას შორის, შემაშფოთებელი ურთიერთდამოკიდებულებაა: კანაფის მომგებიანი გაყიდვიდან მიღებული ფული, ადვილად ჩაედინება მძიმე ნარკოტიკებში“, – წერს ფემკე ჰალსემი.

Dutch News-ი წერს, რომ ამსტერდამის ტურისტულ ერთ-ერთ ღირსშესანაშნაობას კანაფის კაფეები წარმოადგენენ. ყოველწლიურად ასეთ “კაფეებს” სამ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ამავე დროს, ამსტერდამის კვლევის, ინფორმაციისა და სტატისტიკის ოფისის მიერ წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტურისტების 11% ამბობს, რომ კანაფის გაყიდვის აკრძალვის შემთხვევაში, ამსტერდამში არასდროს დაბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები