სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.