რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ძალების მობილიზება აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა და მოსკოვი ასეთ პირობებში მზად უნდა იყოს შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მეცნიერებისა და განათლების საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც სამეცნიერო, ასევე ტექნოლოგიური სფერო.
მისივე განმარტებით, საუბარია ინოვაციურ განვითარებასა და მოწინავე კვლევებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებისკენ, რუსეთის წინაშე არსებული „ყველაზე სერიოზული საფრთხეების წინააღმდეგ“.
„ჩვენ ვსაუბრობთ პირველ რიგში ნატო-ს ყოფნის გაფართოების მცდელობაზე ჩვენს საზღვრებთან და ეს დღეს აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა, ეს აღარ არის სტანდარტული მუქარის ნაკრები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ აგრესიული ქმედებებისთვის, რაც შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, მისივე თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანას ყველაზე თანამედროვე იარაღი მიეწოდოს.
„ამას სჭირდება საიმედო, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი აღჭურვილობა – როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.