ნიკოლ ფაშინიანი – რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, პუტინთან მის ვიზიტს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რადგან მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს აღნიშნავენ.

პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ ნიშნულზეა.

„ნამდვილად მუდმივ კონტაქტში ვართ, ძალიან ხშირად ვიკრიბებით და ტელეფონზე ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით და დამთავრებული კულტურით და განათლებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. მან გაიხსენა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ EAEU-ს, დსთ-სა და CSTO-ს ფარგლებში.

ფაშინიანმა კვლავ ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის პირად როლს 2020 წლის ნოემბერში მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის საქმეში.

მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში, ზოგადად, ართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანას, უზრუნველყოფენ რეგიონის მცხოვრებთა უსაფრთხოებას. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ეფექტურობის გაზრდის მექანიზმების მოძიება.

„ჩვენი რეგიონის მთავარი საკითხი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაა. ამაზე დღესაც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები