“თურქეთის ოპერაცია ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ერაყის პრეზიდენტის ოფისი

თურქეთის მიერ ერაყის ჩრდილოეთით ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ დაწყებული ახალი სამხედრო ოპერაცია ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტის, ბარჰამ სალეჰის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტის ოფისი შეშფოთებით ადევნებს თვალს თურქეთის ოპერაციებს ერაყის ტერიტორიაზე ქურთისტანის რეგიონში და მიიჩნევს მათ ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად და ერაყის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ“, – ნათქვამია განცხადებაში.

18 აპრილს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთით ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ახალი ოპერაცია დაიწყო.

Anadolu წერს, რომ 18 აპრილს დაწყებულ ოპერაციაში სპეცრაზმი და საჰაერო ძალები არიან ჩართული. გამოყენების ძირითადი იარაღია უპილოტო საფრენი აპარატები, დამრტყმელი ვერტმფრენები და საარტილერიო ტექნიკის ელემენტები.

Associated Press აკარზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქულმა ავიაციამ იერიში მიიტანა PKK-ის სამალავებზე, ბუნკერებზე, გვირაბებზე, გამოქვაბულებსა და საწყობებზე. როგორც მინისტრმა თქვა, „ოპერაცია, როგორც დაგეგმილი იყო, წარმატებით მიმდინარეობს. მიზნები, რომლებიც პირველ ეტაპზე იყო დასახული – მიღწეულია… ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გადავარჩინოთ ჩვენი კეთილშობილი ერი ტერორისტული უბედურებისგან, რომელიც 40 წელია აწუხებს ჩვენს ქვეყანას“. მან დაასკვნა, რომ თურქეთის ბრძოლა ბოლო ტერორისტის განეიტრალებამდე გაგრძელდება.

2021 წლის 15 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა სირიაში ტერორისტებთან და რეჟიმის ძალებთან ბრძოლას „სხვა“ გზებით გააგრძელებს. მისი თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და „სახალხო თავდაცვის ძალები“ ​​(SNS) სირიაში შეერთებული შტატების მეთაურობით კოალიციური ძალების მხარდაჭერით, ძლიერდებიან.

თურქეთის კონფლიქტი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) 1984 წელს დაიწყო და 2015 წელს განახლდა. ერაყის ჩრდილოეთით PKK-ის ბაზებია, რომელთა წინააღმდეგ თურქეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები