ლვოვში რაკეტის ფრაგმენტი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა  

რუსი ოკუპანტების მიერ ლვოვზე დღეს განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს, ჭურვის ფრაგმენტი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ევაკუირებული ობოლი ბავშვი იმყოფებიან.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ბავშვთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ლისმა განუცხადა.

„არცერთი ბავშვი არ დაშავებულა. თავშესაფარში ზარალი მინიმალურია – სარდაფში რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა“, – თქვა მან.

ლვოვის ბავშვთა სახლში უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან ობლები და მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვები იმყოფებიან.

ლვოვის რეგიონის 25 დაწესებულებაში თავშესაფარი ათასმა ბავშვმა იპოვა, მათ შორის არიან როგორც ჩვილები, ასევე, სკოლის ასაკის ბავშვები, რომლებიც ევაკუირებულები არიან დონეცკის, ლუგანსკის, ოდესის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და სუმის რეგიონებიდან.

დღეს ლვოვის დაბომბვას, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 11 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები