საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოება 32.9%-ით გაიზარდა
2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობას შეეხება.
წინასწარი მონაცემების თანახმად, ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში წარმოებულია 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 15.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, საქსტატის 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა; გაიზარდა ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.7 ტონა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.1 ტონა, სიმინდის – 3.0 ტონა, კარტოფილის – 14.3 ტონა, ბოსტნეულის – 10.3 ტონა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.8 ტონა, კიტრის 12.7 ტონა, ხახვის 8.0 ტონა, ნივრის 3.0 ტონა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 19.9 ტონა ერთ ჰექტარზე.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.0 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 64.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 147.8 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 79.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 50.6 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 28.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 11.9 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 11.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში წარმოებულია 85.6 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 16.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს წარმოებულია 269.2 ათასი ტონა ყურძენი, რაც 15.1 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.