მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საშუალება ეძლევა, დელეგაციაში იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო და ახლა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ წავა და ვინ – არა.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საშუალება ეძლევა, დელეგაციაში იყოს და უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადოს. „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. ახლა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე, ადგილი ყველასთვის არის, ახლა ვინ წამოვა და ვინ – არა თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. არწამოსვლა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დილიდან წერენ პოსტებს და ამუნათებენ ყველას, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წასვლას გადაწყვეტს.
” სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დამუნათება მიდის, რომ შალვა პაპუაშვილთან ერთად როგორ უნდა ჩასხდნენ თვითმფრინავში, ასეთმა პოლიტიკამ მიიყვანა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კი არ მივდივართ, საპარლამენტო დელეგაცია მივდივართ. დღეს ყველასთვის არის ადგილი შემოთავაზებული, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი პასუხისმგებლობაა, იქნებიან თუ არა დელეგაციაში”, – განაცხადა იოსელიანმა.