მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციას: თქვენ ასეთი ქცევით ვნებთ არა „ქართულ ოცნებას”, არამედ – თქვენს საკუთარ ქვეყანას და ხერგავთ სწორედ იმ გზას, რომელიც მიდის ევროკავშირის წევრობამდე

„მსურს, გამოვეხმაურო მათ, ვინც მხოლოდ ქილიკით და ხელისუფლების დისკრედიტაციით არის დაკავებული და ამავდროულად ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ ევროპული მომავლის ქომაგებად: თქვენ ასეთი ქცევით ვნებთ არა „ქართულ ოცნებას”, არამედ – თქვენს საკუთარ ქვეყანას და ხერგავთ სწორედ იმ გზას, რომელიც მიდის ევროკავშირის წევრობამდე. ეს არის მიზანმიმართულად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება და არა მხოლოდ „ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნა”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის ნამდვილად სრულიად საქართველოს საკუთრება და ყველამ, ვისაც გულწრფელად სურს ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, როგორ შეუძლია, თავისი წილი აგური უნდა დადოს სასურველი შედეგის მისაღწევად და მხარში დაუდგეს საქართველოს მთავრობას ამ ისტორიულ და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში.

„ათიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ჰქონდა შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ევროკომისართან სამართლის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მივიღეთ გულწრფელი მეგობრობის და მხარდაჭერის დასტური და მზაობა, მაქსიმუმი გააკეთონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რაც სჭირდება საქართველოს შემდგომი ტრანსფორმაციისთვის, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, განვიხილეთ ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშე დგას და კიდევ უფრო მძაფრდება უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე. ამ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და მხოლოდ ვიწრო პარტიული დღის წესრიგით მოქმედება ქვეყანას მხოლოდ ვნებს და არასასურველ ბარიერებს უქმნის საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები