ივანე ჩხაიძე: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა. მისი განმარტებით, ესენია „ომიკრონის“ 2 ვარიანტი: მეოთხე და მეხუთე და ე.წ. XE ვარიანტი, რომელიც „ომიკრონის“ პირველი და მეორე ვარიანტის ჰიბრიდულ ვერსიას წარმოადგენს.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პანდემიის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება მანამ, სანამ ჩვენ დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით, ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს. უფრო მეტიც, ბოლო 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ესაა „ომიკრონის“ 2 ვარიანტი, მეოთხე და მეხუთე და ე.წ. XE ვარიანტი, რომელიც „ომიკრონის“ პირველი და მეორე ვარიანტის ჰიბრიდულ ვერსიას წარმოადგენს. შესაბამისად, „ომიკრონმა“ თავისი მუტაციის მაქსიმუმი, ჯერჯერობით, არ ამოწურა. ანალოგიური შეიძლება, კორონავირუსთან დაკავშირებით ითქვას. ჯერჯერობით, კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკი არსებობს.
ამიტომ, სანამ ასეთი რისკებია, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაშ ისეთივე სტაბილური ვითარება არ იქნება, როგორც საქართველოში, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, ასევე სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი შემთხვევების მატებას აფიქსირებს, ისეთივე სახით, რა სახითაც საქართველოში იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იყო. ამ შემთხვევების უკან „ომიკრონის“ მეორე ქვევარიანტი დგას. ანალოგიური მატებაა აშშ-ში. ასე რომ, გლობალურად საუბარი პანდემიის დასასრულზე, ჯერჯერობით, ნაადრევია. თუმცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, სტაბილურია, მოლოდინი გვაქვს რომ მომდევნო დღეების და კვირების მანძილზე როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვალებულთა რაოდენობის შემცირება აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
თამუნა შეყილაძე