კარლ ჰარცელი – ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება

ევროკავშირი წინათ ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც შეუძლია, ევროკავშირს განახორციელოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება.

„ევროკავშირმა 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა სამ განაცხადზე, ესენია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს პირველი ნაბიჯია ამ პროცესისა. რაც შეეხება დროში გაწერას, გრაფიკს, კომისიას ოთხი კვირა აქვს პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი. პასუხების შემდეგ, ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან შემდეგ ნაბიჯზე. ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს, უზრუნველყოს, რომ ასე განსაკუთრებულად სწრაფად განხორციელდეს ეს პროცესი. ევროკავშირი წინათ ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც შეუძლია, ევროკავშირს განახორციელოს.

ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ მომენტს გავუსვათ ხაზი, ეს არის ისტორიული მომენტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გადალახული იყოს გამოწვევები, რაც არსებობს. ეს არის ისეთი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, როცა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი და იყოს ერთობა ამ მიზანთან მიმართებაში და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა რეფორმებისთვის, საქართველოს როლის გააქტიურებისთვის მსოფლიოში, ევროპაში. ასეთი დიდი რაოდენობაა ემხრობა ევროპულ მისწრაფებას, ასე რომ ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები