თბილისის საკრებულოში ერევნის მერის მოადგილესა და საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში სომხეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ, ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძემ ერევნის მერის პირველი მოადგილე ლევონ ოვანისიანი და ერევნის საკრებულოს წევრები მიიღეს.
შეხვედრა გიორგი ტყემალაძემ გახსნა, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ერევნის მერის მოადგილეს და საკრებულოს წევრებს ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს და გამოცდილების გაზიარების მზაობა და თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქალაქში მრავალი სიახლე დავნერგეთ და სამი ძირითადი მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ეს არის ურბანული პოლიტიკა, გენერალური გეგმა და სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის შემადგენელი ნაწილებია საცობების, ეკოლოგის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად განახლებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საათობრივი პარკირება, გავლილია ტაქსების რეფორმის დაწყებითი სტადიის ეტაპები, აღდგენილია ყველა საქალაქო პარკი, შექმნილია ბევრი ახალი სარეკრეაციო სივრცე. გადადგმულია მნიშვნელოვანი და ძირეული ნაბიჯები ავარიული სახლების ჩანაცვლების დაუმთავრებელი მშენებლობების, ისტორიული კულტურული ძეგლებისა და არეალების რეაბილიტაციის, ბიზნესთან ურთიერთობის, ასევე სოციალური მიმართულებისა და ჯანდაცვის პროგრამების მოქმედების კუთხით. ამ გამოწვევებით მოვედით თბილისის მმართველობაში და მეორე ვადით ამომრჩეველმა მხარი სწორედ ამ საკითხების გაუმჯობესებას დაუჭირა. ვფიქრობთ, მიმავალი ოთხი წელი ამ მიმართულებებით ნამდვილად გარდამტეხი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თავის მხრივ, სომხეთის დელეგაციის წევრებმა საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის – წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება მიულოცეს, ერევნის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ორ ქალაქ შორის გამოცდილების გაზიარების სურვილი და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
„თბილისის საკრებულოში ძალიან შედეგიანი და ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა, დავსახეთ მომავლის გეგმები, რომლებიც ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის პრინციპებზე იქნება დამყარებული“,- განაცხადა შეხვედრის დასასრულს ერევნის მერის პირველმა მოადგილემ ლევონ ოვანისიანმა.