რუსეთის ფედერაციამ თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში და უახლოეს მომავალში შესაძლოა, აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყოს, – UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეკსანდრ მოტუზიანიკმა უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, მტერი გადავიდა ქვედანაყოფების აღდგენის დასრულებისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გადაყვანის ფაზაში. ჩვენი პროგნოზით, ამ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებები უახლოეს დროში დაიწყება. უკრაინის არმია ამისთვის მზად არის. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოხდება ეს რეალურად. არსებობს ცნობები დასავლური წყაროებიდან. ამავდროულად, მტერმა თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც მოტუზიანიკმა აღნიშნა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან მტრის თავდასხმა ფაქტობრივად არ შეწყვეტილა.
„ბოლო დროს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სადემარკაციო ხაზის გასწვრივ რუსული ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაიზრდება“, – განაცხადა ოლეკსანდრ მოტუზიანიკმა.