მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინასა და რუსეთს თურქეთში მოლაპარაკებების გაგრძელებას სთავაზობს

ანკარა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შესაწყვეტად ძალისხმევას გააგრძელებს, – ამის შესახებ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლოდროინდელმა ფოტო და ვიდეო მასალებმა უკრაინის ქალაქებიდან, მათ შორის ბუჩადან, ჩრდილი მიაყენა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესს. ამასთან, ჩავუშოღლუმ ბუჩაში მომხდარს მიუღებელი და არაადამიანური უწოდა.

„ის რაც ბუჩაში მოხდა ადამიანური თვალსაზრისით, სამარცხვინოა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რისთვისაც ანკარამ კონფლიქტის მხარეებს თურქეთში მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა.

„თურქეთი ყველა პერიოდში მშვიდობისა და კანონიერების მომხრე იყო. ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. რაც შეეხება სავარაუდო სცენარებს, პირველ რიგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოხდება, ხოლო შემდგომ პრეზიდენტების. ჩვენ მომხრენი ვართ, რომ ეს შეხვედრა ჩატარდეს თურქეთში. ორივე მხარე პრინციპულად მხარს უჭერს მოლაპარაკებების გამართვის იდეას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთიის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ყურადღება მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ანკარა აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებთან, რათა მოხდეს აღნიშნული ქალაქიდან საზღვაო გზით ევაკუაციიას ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები