“ყველას ვიპოვით, ვინც სანქციებს თავს არიდებს” – აშშ-ის გენპროკურორი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იქნება უკიდურესად მკაცრი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის აღსრულებაში და მტკიცედ გამოავლენს იმ რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირების აქტივებს, რომლებიც სანქციათა სიაშია შეყვანილი.
ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა.
„ქვას ქვაზე არ დავტოვებთ და ბოლომდე წავალთ გამოძიებაში, დაკავებებსა და იმ პირების სასამართლო დევნაში, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებები რუსეთს საშუალებას აძლევს, უკრაინაში უსამართლო ომი გააგრძელოს“, – ხაზგასმით აღნიშნა გარლანდმა.
მისი თქმით, „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს გაცურავთ თქვენი იახტებით, რამდენად კარგად დამალავთ თქვენს ქონებას, რამდენად ჭკვიანურად ნიღბავთ მავნე კომპიუტერულ ვირუსებს და ონლაინ აქტივობებს. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი გამოიყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ გიპოვოთ, ჩაშალოს თქვენი შეთქმულებები და პასუხისმგებლობა დაგაკისროთ”.
გენერალურმა პროკურორმა პირობა დადო, რომ უკრაინაში განხორციელებული სისასტიკისთვის ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge