სანქციების გამო, გერმანიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავი დააკავეს
უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, Boeing 747-ს გერმანიიდან აფრენის ნებართვა არ მისცეს.
ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ფრანკფურტ-ჰანის აეროპორტიდან აფრენა ავიაკომპანია Cargologicair UK-ის სატვირთო Boeing 747-ს არ მიეცა, რომელიც კორპორაცია Волга-Днепр-ს ეკუთვნის. Boeing 747 აეროპორტში გაურკვეველი ვადით არის ჩარჩენილი.
აღნიშნულია, რომ დაკავების მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა.
აეროპორტში გაჩერების ყოველი დღე 1200 ევრო ჯდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იქნება ძალაში აფრენის აკრძალვა.
„Cargologicair UK-ი 100%-ით შპს Cargo Logic Holding-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქეების – ალექსეი ისაიკინის და სერგეი შკლიანიკის საკუთრებაა. იმ ფაქტმა, რომ რუსულის გარდა ისაიკინს კვიპროსული პასპორტიც აქვს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ვერ ითამაშა. შეფასებისთვის გადამწყვეტია რუსეთის მოქალაქეობა“, – განაცხადეს გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში.