ევროკავშირმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე დეკლარაცია მიიღო, რომელსაც საქართველოც შეუერთდა

ევროკავშირმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე დეკლარაცია მიიღო, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.

ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს.

ამასთან, დეკლარაციას ასევე უერთდებიან კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და EFTA-ს ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

„დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სასტიკი დანაშაულების სიაში ჩაიწერება.

სამხედრო დანაშაულისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირები, ისევე როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და სამხედრო მაღალჩინოსნები, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ყველა ზომას.

კერძოდ, სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორების მიერ წამოწყებულ გამოძიებას სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, ისევე როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) კომისიის მოკვლევას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების მოგროვებასა და დაცვაში.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის ამ მძიმე წუთებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, – აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები