აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისთვის ომის დამნაშავე უწოდა.
მისი თქმით, ის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესების მომხრეა.
„შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ის არის ომის დამნაშავე. ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება და ყველა დეტალი უნდა მოვიპოვოთ, რათა ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი გაიმართოს. რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია და ეს ყველამ დაინახა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ბუჩაში მოკლული ადამიანების ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელთა ნაწილს ხელები შეკრული აქვს.