ლექსო ლაშქარავას საქმის ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
“TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმის ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, გია გიგუაშვილს, თორნიკე დავლაშერიძესა და აკაკი ნაკაშიძე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, ბრალდებული ცოტნე ჩიხლაძის 117 მუხლი 126 მუხლზე გადაკვალიფიცირდა, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იყო წარმოდგენილი, რაც აგრეთვე 5 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. იგი 11 ივლისს გარდაიცვალა.