საჰაეროდან სახმელეთო იზოლაციამდე – პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსის სატრანსპორტო ბლოკადას ამზადებენ

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს უახლოეს 48-72 საათში დაიწყებენ, რითაც რუსეთში ტვირთის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუსტაფა ნაიემმა Telegram-ში დაწერა.

“გასულ კვირას ოფიციალურად ვთხოვეთ კოლეგებს, რუსეთსა და ბელარუსთან საავტომობილო მიმოსვლა შეეწყვიტათ. მადლობა ამ ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებს. პასუხი მყისიერია. საბოლოო შედეგს ველოდებით”, – დაწერა ნაიემმა.

მისივე თქმით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთის და ბელარუსის საზღვრები მთლიანად ჩაიკეტება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სახმელეთო გადაზიდვა შეუძლებელი გახდება.

24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, მათ შორის, სატვირთო თვითმფრინავებისთვის, თუმცა, ქვეყანაში საქონლის მიწოდება სახმელეთო გზით მაინც იყო შესაძლებელი.

კერძოდ, ბევრი სატვირთო მანქანა რუსეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან იგზავნებოდა, ძირითადად – გერმანიიდან, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გავლით.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები