გიორგი ტყემალაძე: 1991 წლის 31 მარტს შესაძლებელი გახდა ეროვნული იდეის რეალიზება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და ქვეყნის მოქალაქეებს ეს ისტორიული თარიღი მიულოცა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, 31 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა საყოველთაო რეფერენდუმით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირეს მხარი.
,,31 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა საყოველთაო რეფერენდუმით მხარი დაუჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 70 წლის განმავლობაში ქართველებს არ შეუწყვეტიათ ფიქრი და ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, 1991 წლის 31 მარტს კი შესაძლებელი გახდა ეროვნული იდეის რეალიზება.
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს! ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომელთა უკომპრომისო ბრძოლამ და თავდადებამ მოუტანა თავისუფლება ქართველ ხალხს. მოპოვებულ დამოუკიდებლობას განმტკიცება და შენარჩუნება სჭირდება, სწორედ ეს არის თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობა.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს მოსახლეობის 98.6 % -მა, მათ შორის ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი”, – აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge