უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, 24 თებერვლამდე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, 24 თებერვლამდე ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდის მოლოდინი არსებობდა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ეს უფრო დაბალია, დაახლოებით, 3-4 პროცენტს შორისაა. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები, საქართველოზე პირდაპირ და არაპირდაპირად აისახება. ეკონომიკურად ეს აისახება ისეთი არხებით, როგორიც არის ამ ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლები ტურიზმიდან, ექსპორტიდან, ასევე გზავნილებიდან. იქნება ფულადი გზავნილების შემცირება. ამავე დროს, ზოგადად თუ შევხედავთ, რუსული აგრესიის გამო, თვითონ რეგიონი უფრო რისკიანად ჩაითვლება, რაც ასევე იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე ამ ქვეყნებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. ასე რომ, იმ გარემოებებმა, რაც დადგა 24 თებერვლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ცვლილება შეიტანა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge