მეუფე შიო: წმინდა ჯვრის ძალითა და მადლით შევძლებთ დამარცხებას იმ ბოროტებისა, რომელიც არის ჩვენში

“წმინდა ჯვრის ძალითა და მადლით შევძლებთ დამარცხებას იმ ბოროტებისა, რომელიც არის ჩვენში, ჩვენ სულში და იმ ბოროტებისა და ღვთის მოწინააღმდეგე ძალებისა, რომლებიც ასევე ბობოქრობენ მთელ მსოფლიოში დღეს”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. მეუფე შიომ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჯვარი – ეს არის სიმბოლო ჩვენი სარწმუნოებისა, ჯვარი – ეს გახლავთ სიმბოლო ჩვენი სულიერი გამარჯვებისა, იმიტომ რომ განკაცებულმა ძე ღმერთმა თავისი ნებსით ჯვარცმით მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, ჯვარზე გაეკრა და მოგვანიჭა ჩვენ საუკუნო სიცოცხლე და გამარჯვება სიკვდილზე, ეშმაკსა და ცოდვაზე. და აი, წმინდა ეკლესია ჩვენ ამ ყველაფერს გვახსენებს; გვახსენებს და გვაფიქრებს თავგანწირულ სიყვარულსა და მსხვერპლზე, რომელიც გაიღო უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მოკლედ მინდა შეგახსენოთ, როგორია სწავლება წმინდა ეკლესიისა ჯვრის შესახებ.

წმინდა ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, როგორც ხატების შემთხვევაში მოგახსენეთ, როგორც თქვენ იცით ეკლესიის სწავლებიდან, ჩვენ თაყვანს ვცემთ არა მატერიას, არა ფიცარს თუ საღებავს, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებას. ჯვარცმის შემთხვევაში, როცა თაყვანს ვცემთ წმინდა ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ იმ საიდუმლოს, რომელიც დაფარულია ჯვარში.

ეკლესიის სწავლებით, ჯვარი გახლავთ ხატი, ხატება, როგორც ხატებზე ვამბობთ. წმინდა ჯვრისადმი დაწერილ ლოცვებში ეს არის ნათქვამი, რომ ჯვარიც ხატებაა, ჯვარიც ხატია, მაგრამ რისი? ვისი? საეკლესიო ლოცვებში, კანონებში ჯვრისადმი, როგორც გითხარით, წერია, რომ ჯვარი არის ხატება, ხატი თვით სამგვამოვანი ღმერთისა, თვით ყოვლადწმინდა სამების ხატია წმინდა ჯვარი.

მაგრამ არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ხატებასა და პირველსახეს შორის? აი, ამაზე იმსჯელეს მეშვიდე მსოფლიო კრების წმინდა მამებმა და იქ გამოთქვეს ეს დიდი საიდუმლოება, რომ პირველსახესა და ხატს შორის, გამოსახულებას შორის არსებობს კავშირი. რაში მდგომარეობს ეს კავშირი? ეს კავშირი მდგომარეობს იმაში, რომ პირველსახის ზოგიერთ თვისებას იძენს ეს ხატი, გადადის ხატზე. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჯვარცმა, ჯვარი – ეს არის ყოვლადწმინდა სამების ხატი, ეს ნიშნავს, რომ ყოვლადწმინდა სამების ზოგიერთი თვისება და ძალა გადადის ჯვარცმაზე, გადადის ჯვარზე, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით. რა თვისებაა ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? – უპირველესი, რომელიც იხილვება ჯვარცმაზე, ეს არის ღმერთის სიყვარული, პირველ რიგში, სიყვარული, რომელიც არის ღმერთში, ყოვლადწმინდა სამებაში, სამგვამოვნებას შორის, სიყვარულში მამისა ძისადმი და სულიწმიდისადმი, ძისა მამისადმი და სულიწმიდისადმი, და სულიწმიდის სიყვარული მამისადმი და ძისადმი.

ჯვარცმაში აგრეთვე გამოისახება ის სიყვარული, რომელიც გამოვლინდა ქმნილებებისადმი. პირველ რიგში, სად გამოვლინდა უფლის სიყვარული კაცობრიობისადმი? – მაცხოვრის განკაცებაში, როდესაც ძე ღმერთი განკაცდა და მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ უაღმატებულესად იესო ქრისტეს სიყვარული და ღმერთის სიყვარული გამოვლინდა ჯვარცმის ჟამს, როდესაც, როგორც მოგახსენეთ, მან იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები და გამოხსნა მოგვიტანა ჩვენ. აი, წმინდა ჯვარს სწორედ ამ სიყვარულის ძალა აქვს.

აი, ასეთია სწავლება წმინდა ეკლესიისა. ამიტომ, როდესაც ჩვენ წინაშე დაბრძანებულია წმინდა ჯვარი, ამით წმინდა ეკლესია ამ ყველაფერს გვახსენებს, რათა კარგად ვიცოდეთ ეს, რომ როდესაც აღიმართება ჯვარი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე არის ძალა ღვთისა, რომელიც არის ამ ჯვარცმაში, რომელიც არის ამ ჯვარში და ეს ძალა ყოველთვის ჩვენთან არის. რაც უნდა უძლურნი ვიყოთ, რაც უნდა დაცემულნი ვიყოთ, რაც უნდა გვიჭირდეს სინანული, გამოსწორება, ცოდვის დამარცხება ჩვენში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ღვთის მადლით, წმინდა ჯვრის ძალითა და მადლით შევძლებთ ამის გადალახვას, შევძლებთ ამის დამარცხებას, იმ ბოროტებისა, რომელიც არის ჩვენში, ჩვენ სულში და იმ ბოროტებისა და ღვთის მოწინააღმდეგე ძალებისა, რომლებიც ასევე ბობოქრობენ მთელ მსოფლიოში დღეს. შეგვაძლებინებს უფალი წმინდა ჯვრის ძალითა და მადლით, ვინაიდან ეს მადლი და ძალა არის თვით ყოვლადწმინდა სამების, სამგვამოვანი ღმერთის ძალა და მადლი”,- განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები