„ბარემ გაგზავნეთ უკვე ყველა, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც“ – ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას აპროტესტებენ

რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკრაინაში გაჰყავს. აღნიშნულ ქმედებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ოკუპირებულ ცხინვალში ამბობენ, რომ ოსების სიცოცხლე სხვის იმპერიალურ ამბიციებს ეწირება.

„სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში კიდევ 150 ახალგაზრდა გაემგზავრა. მისმინეთ, ბარემ გაგზავნეთ უკვე ყველა, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. დაკეტეთ რესპუბლიკა გასაღებზე და ჩააბარეთ ის ვინმეს. სამხრეთ ოსეთს არაფერი სჭირდება – არც დამოუკიდებლობა, არც სახელმწიფო. ადამიანებიც არ სჭირდება, როგორც აღმოჩნდა. ყველაზე მეტი „ზედმეტი“ ადამიანი სამხრეთ ოსეთშია. და რა ღირს ოსი ხალხის სიცოცხლე? რად ფასობდა ის?  სახარჯო მასალა სხვის იმპერიულ ამბიციებში – თვითონ უხარიათ ამ ხარკის გადახდა საკუთარი შვილების სისხლით“, – წერს მოქალაქე სამხრეთ ოსეთიდან.

მისი თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასე პოპულარობის მოპოვებას ცდილობს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მამრობითი სქესის მოსახლეობას კატასტროფული საფრთხის ქვეშ აყენებს.

„რუსული საინფორმაციო სააგენტოების ჩანაწერები სავსეა ბიბილოვის ციტატებით, რომ სამხრეთ ოსეთიდან სამხედროები უკრაინაში წავიდნენ და კიდევ რაღაც ცხელ ალანურ სისხლზე.
ანუ, ბიბილოვს არ სურს სამხედროებზე პასუხისმგებლობის აღება. მას სურს მათი პოპულარიზაცია ყველაზე იაფად და მკრეხელურად. რუსული საინფორმაციო სააგენტოები, სამწუხაროდ, არ დაწერენ, რომ ბიბილოვის ბრალით, რესპუბლიკის მამრობითი სქესის მოსახლეობის 3% ახლა უკრაინაშია და ჩვენ წარმოუდგენელი კატასტროფის საფრთხის ქვეშ ვართ. სხვისი შვილები დასანანი არაა, ბიბილოვისთვის ისინი უცხოები არიან. მან ეს დაამტკიცა“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთმა უკრაინაში, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით სამხედროები გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები