შს მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობაზე.
მარკ კლეიტონმა ვახტანგ გომელაურს გააცნო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც ელჩმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრის დასასრულ, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.