დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო პურის ფასს – ლევან სილაგავას პასუხი

შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით 99 პროცენტით გადაწყვეტილია პურის ფასის სუბსიდირება და, სავარაუდოდ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე, იქითა კვირაში გავა ეს საკითხი. უბრალოდ, დასადგენია პარამეტრები, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება, – განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

მისი თქმით, ერთი ტონა ხორბლის ფასი 20-25 პროცენტის ფარგლებშია გაძვირებული და სახელმწიფო პურის ფასის სუბსიდირებას განიხილავს.

ამასთან, ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ საქართველოში ხორბლის ერთთვიანი მარაგია და ქვეყანაში ფქვილზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის.

“ხორბალზე გვაქვს ერთი თვის მარაგი და ფქვილზე დაახლოებით ერთი თვის. ეს არის სტანდარტი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თემაში ჯდება, ამის იქით ვაკეთებთ იმას, რომ მარაგის პარალელურად შემოდის ის დაახლოებითი რაოდენობა, რაც ვთქვათ იხარჯება, ეს არის მუშა პროცესი. ნაწილი შემოდის რუსეთიდან, არის ძველი კონტრაქტები მულტინაციონალურ კომპანიებთან, მათ აქვთ ოფისები შვეიცარიაში, საფრანგეთში. აქვთ პირობა, რომ შეასრულონ კონტრაქტები. გარკვეულწილად, ეს მოდის რუსეთიდან, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნები აკეთებენ გადალაგებას.

ჩვენი გამოწვევა არის, გადავერთოთ სხვა ქვეყანაზე და პრინციპში, გადართული ვართ. ყაზახეთი არის ალტერნატივა, ალტერნატივა არის რუმინეთიც. ჩვენ უმტკივნეულოდ გადავდივართ სხვა მიმართულებებზე, რადგან გვაქვს დრო, რომ გადავიდეთ სხვა ბაზრებზე, ეს არის უსაფრთხოების ბუფერული ბალიშები. დაახლოებით 20-30 პროცენტის ფარგლებში არის გაძვირებული ხორბალი, ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქცია და მაისამდე, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ფასი. ამის შემდეგ ობიექტურია, რომ ახალი შემოსული ხორბალი და ფქვილი დაეტყობა ბაზარს. ამ შემთხვევაში ეს სცენარი განიხილება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაასუბსიდიროს პურის ფასი. შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით 99 პროცენტით გადაწყვეტილია სუბსიდირება და სავარაუდოდ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე, იქითა კვირაში ეს გავა. უბრალოდ, დასადგენია პარამეტრები, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები