ანჯეი დუდა: უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს.

როგორც დუდამ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორივე ქვეყანა ხაზს გაუსვამს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებს.

„ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

მისივე თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს.

კლაუს იოჰანისმა კი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები